Κυριακή 14 Ιουνίου 2009

ის

თუ გსურს გერქვას ადამიანი
ტასოს ლივადიტისი
თარგმანი ბერძნულიდან - თათია მთვარელიძე

თუ გსურს გერქვას ადამიანი
ერთი წუთითაც არ შეწყვეტ ბრძოლას
მშვიდობისა და სამართლისათვის.
დაივლი ქუჩებს და იყვირებ ხმის ჩახლეჩამდე,
ყვირილისაგან შენს ბაგეებს სისხლი შეღებავს,
ტყვიებისაგან სახე სუმთლად დაგესისხლება –
მაგრამ არცერთი ნაბიჯი უკან.

ყოველი შენი ხელისგაქნევა არის მსხვრევა უსამართლობის
ყოველი შენი შეძახილი – ვით ქვა ნასროლი ომითმოვაჭრე არაკაცთა ფანჯრებისადმი.
ოღონდ უფრთხილდი: საკუთარ თავს ერთი წუთითაც არ მისცე ნება, რომ დაგივიწყონ...
სულ ცოტა ხნითაც რომ გაბედო ბავშვობის წლების გახსენება,
დასაღუპად ათასობით სხვა ბავშვს იმეტებ –
ეს სწორედ მაშინ როცა უსაფრთხოდ თამაშობენ თითქოს ქუჩებში.
დღეს წუთითაც რომ ჩამავალ მზეს შეავლო თვალი,
ხვალ ომის ღამე შთანთქავს უმალ ადამიანებს.
ერთი წუთითაც რომ შეწყიტო ოცნება, წამში
მილიონობით სხვათა ოცნება ბომბდამშენებქვეშ ნაცრად იქცევა.

შენ დრო არა გაქვს!
საკუთარ თავზე ფიქრის დრო სად გაქვს –
თუ გსურს გერქვას ადამიანი.

თუ გსურს გერქვას ადამიანი,
რომ დაგჭირდეს, მიატოვებ დედას და სატრფოს,
მიატოვებ საკუთარ შვილსაც.

არც დაფიქრდები, ისე იტყვი უარს შენს პურზე
და შენ წილ შუქზე
დაივიწყებ საღამოობით სახლის ეზოში დასვენებას
და ხვალისაკენ მიმავალ გზაზე, იმ ოღრო-ჩოღრო გზის გავლისას
ვერაფერი შენ ვერ შეგაკრთობს, არ შეშინდები.


განა არ ვიცი რა კარგია საღამოობით ჰარმონიკას ტკბილ ხმას უსმენდე,
უმზერდე ვარსკვლავს, ოცნებობდე,
ეწაფებოდე შენი სატრფოს წითელ ბაგეებს
და ყურს უგდებდე მის ოცნებებს მომავლის გამო.

მაგრამ მოგიწევს შეელიო ყველა ამ სიტკბოს და გზას დაადგე
რადგანაც შენ ვალდებული ხარ სამყაროს ყველა ჰარმონიკის
ყველა ვარსკვლავის, ნათურის და სიზმრის წინაშე –
თუ გსურს გერქვას ადამიანი.

თუ გსურს გერქვას ადამიანი,
რომ დაგჭირდეს საპყრობილეში გამოკეტვა ოცი ან თუნდაც მეტი წლითაც – შენ არ შედრკები,
თუმც ციხეშიც კი მუდამ, მუდამ გემახსოვრება
გაზაფხული, დედაშენი და ეს სამყარო.

და ცივი საკნის რამდენიმე კვადრატულ მეტრში გამომწყვდეული –
მშვიდად განაგრძობ დედამიწაზე შენი გზის გავლას.
და ოდეს ღამით, უსასრულო სიჩუმის შიგნით,
მიაკაკუნებ შენი საკნის მტკიცე კედელზე,
მოისმენ პასუხს, გიპასუხებს კედლის იქიდან შენ ესპანეთი!
და თუმცა წლები ჩაივლის და შეამჩნევ, რომ თმაც გაგითეთრდა,
არ დაბერდები.

ყოველ განთიადს უფრო და უფრო ახალგაზრდა შეხვდები შიგნით, ციხის კედლებში,
იმისათვის რომ სამყაროში მუდამ ახალ ბრძოლებს ვიწყებდეთ –
თუ გსურს გერქვას ადამიანი.

თუ გსურს გერქვას ადამიანი,
უნდა შეგეძლოს ნებისმიერ დილას სიკვდილი.
გვიან ღამით კი დედას მისწერ ცრემლიან ბარათს,
ციხის კედელზე თარიღს მიაწერ,
იქვე გვერდით შენი სახელის ინიციალებს და სულ ერთ სიტყვას –
სიტყვას "მშვიდობა" –
დაწერ ისე, ვით ცხოვრების მთელ ისტორიას.

უნდა შეგეძლოს ნებისმიერ დილას სიკვდილი,
შეგეძლოს დადგე ექვსი თოფის ლულის პირისპირ,
ისე თითქოს მთელი მომავლის პირისპირ იდგე.
უნდა შეგეძლოს, დამიზნებული ქვემეხების სასტიკ ხმაურში,
გაიგონო მილიონობით სხვა მოკვდავის ხმა,
ხმა მათი, ვინაც მომღერალნი მშვიდობისათვის ერთად იბრძვიან –
თუ გსურს გერქვას ადამიანი.

1 σχόλιο: